пятница, 13 марта 2009 г.

ბაგა-ბაღი


მე თიკო ვარ მანაგაძე, ჩემს გუნდთან ერთად პროექტზე ვმუშაობ. კარგი სამუშაოა, რადგან იმ ადგილებს ვიკვლევთ, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე და ჩემი კლასელები ბაღის ამხანაგებიც ვართ, რადგან ერთ უბანში
ვცხოვრობთ.
10 თებერვალს, მე-2 გუნდის წევრები გავეშურეთ ჩვენი საყვარელი საბავშვო ბაღისაკენ, უკვე ჟურნალისტების ამპლუაში. იქ ახალი თაობა დაგვხვდა. რა პატარები ვყოფილვართ ერთ დროს!


ინტერვიუ ავიღეთ მე-11 ბაგა-ბაღის დირექტორის- ქალბატონ ნინო გორგიძისაგან:
_,,ჩვენი ბაღი აშენდა 1960 წელს, ამ ბაგა-ბაღის პირველი დირექტორი იყო ეთერ თუმანიშვილი, სულ ბაგა-ბაღს გამოშვებული ჰყავს 48 გამოშვება."
ქალბატონი ნინო დირექტორად სულ რაღაც წელიწად ნახევარია მუშაობს. ბაღში ძალიან კარგი პირობებია და პატარები თავს კარგად გრძნობენ.













ეკლესია

ბაღის ეზოში ახლად აშენებული ეკლესია დგას, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი. ამ ეკლესიის ისტორიის გასაცნობად ვეწვიეთ იქვე ახლოს მცხოვრებ ქალბატონს- თამარ ხაჭაპურიძეს, რომელიც მართლმადიდებლური ჟურნალის, ,, მწყემსი კეთილი" და გაზეთის ,,ერისიონი", რედაქტორია. ქალბატონმა თამარმა საინტერესო ფაქტები მოგვითხრო:

__,,ბაღის ტერიტორიაზე ძველად იდგა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც 1910 წელს აიგო. ამ ეკლესიის აგებაში დიდი წვლილი მიუძღვის კუკულავების გვარის წარმომადგენლებს, ამიტომ ეკლესიას ,,კუკულავების ეკლესიასაც" ეძახდნენ. ეკლესია ყოფილა ბაზილიკური ტიპის, უგუმბათო. მოქმედებდა იგი 1917 წლამდე, შემდეგ, კომუნისტების თაოსნობით, ტაძარი დახურულა, მაგრამ ომის პერიოდში ისევ განახლებულა წირვა-ლოცვა, მრევლიც დიდი ჰყოლია ამ დროისათვის ტაძარს, მაგრამ, სამწუხაროდ, 1948 წლის შემდეგ ეკლესიას აღარ უმოქმედია. დაახლოებით 1959-60 წლებში საბჭოთა მთავრობამ დაანგრია ტაძარი. მის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაო გადათხარეს, მიცვალებულთა ძვლები ღამით სადღაც წაიღეს და ღმერთმა უწყის რა უქნეს. ეკლესიის ადგილზე კი ააშენეს საბავშვო ბაღის შენობა. დღესდღეობით იმ ძველი ეკლესიის საკურთხეველი ბაღის შენობის ტერიტორიაზეა, რაც ქრისტიანულად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია."


დღეს ბაღის ეზოში უკვე დგას ახალი ტაძარი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის. მართალია, ზუსტად ძველი ტაძრის ადგილზე არა, მაგრამ ,რაც მთავარია, ღვთის სახლმა დაიბრუნა წართმეული ადგილი. ეს კი მამა გიორგის დამსახურებაა. სწორედ მან შეისყიდა საკუთარი სახსრებით ბაღის ტერიტორიის ნაწილი- 400კვ მეტრი მიწა- რომელიც გადასცა ქუთაისის გაენათის ეპარქიას. ეკლესიის ბალავარი გაითხარა 2008 წლის აპრილში, თუმცა მშენებლობა დაიწყო აგვისტოში, ომის შემდეგ. ტაძარი უბნის მაცხოვრებლებისა და საერთოდ ხალხის შემოწირულობის ხარჯზე აშენდა. მის მშენებლობაზე ჩემი კლასელი ბიჭებიც მუშაობდნენ. სამშენებლო მასალად ჭახათის და ეკლარის ქვაა გამოყენებული. შენობა სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. ამჟამად, როგორც მამა გიორგიმ გვითხრა, მიმდინარეობს შიგა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
ძალიან გვიხარია ყველას, რომ ახალი ეკლესია იქნება ჩვენს უბანში. ალბათ, მოგვიანებით, ბაღიც სხვა ადგილას აშენდება და მის ადგილას რაიმე საეკლესიო ნაგებობა აღდგება.